cms@gt.ge

როგორ მუშაობს კაპიტალის ბაზრები?

კაპიტალის ბაზარი არის პლატფორმა, სადაც მიმოიცვლება ფულადი სახსრები და ფასიანი ქაღალდები.

ბიზნეს ოპერაციების ეფექტურად წარმართვისთვის კომპანიებს ესაჭიროებათ დაფინანსება. დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი ეფექტური გზა კი, კაპიტალის ბაზრების მეშვეობით საჯარო შეთავაზების განხორციელებაა. ამისთვის არსებობს ორი მეთოდი: 

  • წილობრივი ფასიანი ქაღალდების - აქციების გაყიდვა 
  • სასესხო ფასიანი ქაღალდების - ობლიგაციების გაყიდვა

როდესაც კერძო კომპანია პირველად გადის კაპიტალის ბაზარზე, აქციების გაყიდვა ხდება „IPO“-ს ანუ პირველადი საჯარო შეთავაზების გზით. აქცია არის წილობრივი ფასიანი ქაღალდი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი შეძენით ინვესტორი ხდება ემიტენტი (გამომშვები) კომპანიის მეწილე.

ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით, კომპანიას ასევე შეუძლია გამოსცეს ობლიგაციები. ობლიგაცია არის სესხი, რომელსაც ემიტენტი (გამომშვები) კომპანია იღებს ინვესტორთაგან. აქციონერებისგან განსხვავებით, ობლიგაციონერები არ არიან კომპანიის მფლობელები. ისინი იღებენ პროცენტს გასესხებულ თანხაზე  და ობლიგაციის ვადის ბოლოს უკან იბრუნებენ გასესხებულ ძირითად თანხას.

საჯარო ფასიანი ქაღალდების საშუალებით კაპიტალის ბაზარი ერთმანეთთან აკავშირებს ინვესტორებსა და დაფინანსების მაძიებლებს. ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს წარმატებული ბიზნესების გაფართოვებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას და ძლიერი ეკონომიკის შექმნას.

სწორედ ამიტომ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის ასრულებს.