cms@gt.ge

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველად 25 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური ობლიგაციების განთავსებას

ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 

„სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“ მიერ გამოშვებული 25 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე გენდერული ობლიგაციების განთავსების პირველ შემთხვევას. 

გენდერული ობლიგაციების შედეგად მოზიდული თანხის 100% მოხმარდება ქალ მეწარმეთა მფლობელობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესების სესხების დაფინანსებას, მათ შორის სესხების გაცემას ენერგო ეფექტური აღჭურვილობის შესაძენად, ძირითადი საშუალებების ან საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. გენდერული ობლიგაცია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინოვაციურ ფინანსებზე წვდომა და გაზარდოს კომპანიის საკრედიტო პორტფელი ამ სამიზნე სეგმენტში არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის, მათ შორის საქართველოს რეგიონებში. 

„კრისტალი“ ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად. 

მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად. 

„კრისტალის“ მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამებოდა პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც მოიცავს საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას. 

შეთავაზება დაიხურა 2023 წლის 8 თებერვალს. ობლიგაციები დენომინირებულია ლარში, 2 წლიანი ვადიანობით, ბულეტ სტრუქტურითა და TIBR6m+4.75% კუპონის განაკვეთით. ობლიგაციები განთავსდა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით. 

„მოხარული ვარ აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კრისტალისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის 25 მლნ. ლარის სერტიფიცირებული სოციალური ობლიგაციების განთავსებით, რომლის მიზანიცაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა. ჩვენ ამავდროულად ძალიან მოხარული ვართ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. პროგრამამ მოგვცა სტიმული, შეგვექმნა კიდევ ერთი წარმატებული ისტორია საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციისთვის“, - ილია რევია, „კრისტალის“ აღმასრულებელი დირექტორი. 

2022 წელს, პროგრამის ფარგლებში მოხდა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ 80 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების და „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების განთავსება.