cms@gt.ge

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე $80 მილიონის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსებას

ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაასახელეს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მიიღებს გრანტს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 

„საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებული $80 მილიონის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსება წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე მსხვილ ტრანზაქციას და მწვანე ობლიგაციების გამოშვების პირველ შემთხვევას.

კომპანია ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.

მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

GRPO-ს მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც გულისხმობს საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას. 5 წლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7 %-ით. ობლიგაციები გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.

„მოხარული ვარ, რომ GRPO კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“ ,- ნუკა მშვიდობაძე, GRPO-ს ფინანსური დირექტორი.