cms@gt.ge

კაპიტალის ბაზრის ელემენტები და ფუნქციები

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდი ასრულებს. საგანმანათლებლო რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ პოსტს თემაზე: კაპიტალის ბაზრის ელემენტები და ფუნქციები.

კაპიტალის ბაზარი ცალკეული პირებისთვის, კომპანიებისთვისა და მთავრობებისთვის არის სახსრების მოზიდვის ადგილი. აქ ივაჭრება დაფინანსების ინსტრუმენტები - წილობრივი და სასესხო ფინანსური ინსტრუმენტები, ETF-ები და სხვა. კაპიტალის ბაზარზე, როგორც წესი, ივაჭრება გრძელვადიანი საინვესტიციო ინსტრუმენტები. მოკლევადიანი კი, ჩვეულებრივ გვხვდება ფულად ბაზარზე.

კაპიტალის ბაზარი გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკურ განვითარებაში. მისი მეშვეობით ხორციელდება ფიზიკური პირებისა და კომპანიების დანაზოგებისა და ჭარბი ფულის მობილიზება სხვადასხვა ტიპის აქტივში. კაპიტალის ბაზარი ერთმანეთთან აკავშირებს კაპიტალის მომწოდებლებსა და მაძიებლებს. აღნიშნული ხელს უწყობს ფულადი სახსრების არაპროდუქტიული არხებიდან პროდუქტიულ სფეროებში გადატანას.

ბაზარზე ფულადი სახსრების მნიშვნელოვან მომწოდებლებს შეადგენენ: ინდივიდუალური ინვესტორები, კომერციული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო კომპანიები, ბიზნეს კორპორაციები და საპენსიო ფონდები. მეორე მხრივ, კომპანიები, მეწარმეები, მთავრობები და ა.შ. არიან სახსრების მაძიებლები. 

რა სარგებელი მოაქვს კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირებას? 

  • დანაზოგი - ფასიან ქაღალდებში ინვესტირების გზით ინვესტორებს შეუძლიათ შექმნან დანაზოგი 
  • შემოსავალი - საფონდო ბირჟაზე ინვესტიცია იძლევა შემოსავლის წყაროს. კომპანიები ანაწილებენ მოგებას დივიდენდების სახით. ობლიგაციები უხდიან საპროცენტო შემოსავალს ობლიგაციონერებს. ხშირად ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე ფულის ან საბანკო სექტორიდან მიღებული პროცენტი 
  • კაპიტალური მოგება - როდესაც ფასიანი ქაღალდების ღირებულება იზრდება, მათი მფლობელების ინვესტიციის ღირებულებაც იზრდება. ამას კაპიტალური მოგება ეწოდება. კაპიტალური მოგების ხარჯზე დროთა განმავლობაში დაგროვებული ინვესტიცია სიმდიდრის გაზრდის კარგ საშუალებას იძლევა.